საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა დინამო არენაზე მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი ჩაატარა. საქართველო – თურქეთის შეხვედრა მასპინძელთა დამარცხებით, ანგარიშით 2:3 დასრულდა.
პირველი ტაიმი თურქეთის ნაკრებმა ორ ბურთიანი უპირატესობით მოიგო. შესვენების შემდეგ, სტუმართა უპირატესობა სამ ბურთამდე გაიზარდა. 63-ე წუთზე ზურიკო დავითაშვილმა სხვაობა შეამცირა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოს ნაკრების მეორე გოლი გაიტანა. მიუხედავად რამდენიმე საგოლე შესაძლებლობისა, დარჩენილ წუთებში ანგარიში აღარ შეცვლილა.
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრას საქართველოს ნაკრები 7 სექტემბერს გამართავს. ჩვენი გუნდი დინამო არენაზე ბულგარეთს უმასპინძლებს.
ხვიჩა კვარაცხელია (ეროვნული ნაკრების წევრი): “ძალიან ცუდად დავიწყეთ. საწყისი 20 წუთი უპირატესობა მეტოქეს ჰქონდა. სწრაფი გოლი გავუშვით, რამაც იმოქმედა ჩვენზე. ვფიქრობ, რომ მეორე ტაიმში გუნდმა მაქსიმუმი გაიღო. მარტივი არ არის თურქეთთან ორი გოლის გატანა.
ახლა მომდევნო მატჩებზე უნდა ვიფიქროთ, რადგან ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია. დღევანდელი დღე უკვე წარსულია. შეცდომების გამოსწორებაზე ვიმუშვებთ. გავალთ მოედანზე და აუცილებლად ვეცდებით, რომ დავამარცხოთ ბულგარეთის ნაკრები”.
ზურიკო დავითაშვილი (ეროვნული ნაკრების წევრი): “ნაკრებში ბევრი გოლის გატანა ყოველთვის იქნება ჩემი მიზანი. საოცარი გრძნობაა, მაგრამ გოლის შემდეგ პირველ რიგში ანგარიშის გათანაბრებაზე ვფიქრობდი. დასანანია, რომ ეს ვერ შევძელით”.
ფოტო – ეროვნული ნაკრები