პოლიტიკა

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატს ღირსეულად გამოეთიშა

ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა და ევრო 2024 ღირსეულ ბრძოლაში დაასრულა. პირველი გოლი ესპანელთა კარში გავიდა, თუმცა საბოლოოდ საქართველო 1:4 დამარცხდა.

ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ამ თამაშში პირველი გოლი გაუშვა. ჯგუფურ ეტაპზე ლუის დე ლა ფუენტეს გუნდმა სამიდან სამი მატჩი მოიგო და ხუთი გოლი გაიტანა.

ჩვენი გუნდის ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა პორტუგალიასთან ნათამაშები სასტარტო შემადგენლობა არ შეცვალა. ესპანელები დიდი ძალებით უტევდნენ, მომენტებიც შექმნეს, მაგრამ მამარდაშვილი საიმედოდ იცავდა კარს. ანგარიში კი ჩვენმა გუნდმა გახსნა – მე-18 წუთზე სწრაფ კონტრშეტევაზე კაკაბაძის ფლანგური გადაცემის შემდეგ ბურთი კვარაცხელიასკენ მიდიოდა, როდესაც ლე ნორმანდმა საკუთარ კარში ჩაჭრა.

ესპანელებს რამდენიმე წუთის განმავლობაში ჩვეულ რიტმში დაბრუნება გაუჭირდათ. თუმცა შემდეგ კვლავ მთელი ძალებით შეუტიეს. მამარდაშვილი ისევ სასწაულების სჩადიოდა. თუმცა 39-ე წუთზე საქართველოს ნაკრები გოლისგან ვერ იხსნა: საჯარიმოს სიახლოვიდან როდრიმ ზუსტი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. ამ დროს მის წინ ოთარ კიტეიშვილი იდგა, მაგრამ ტრავმის გამო მოძრაობა უჭირდა და საბოლოოდ, შესაცვლელი გახდა, ტაიმი კი ფრედ დასრულდა 1:1. კიტეიშვილი სანდრო ალთუნაშვილმა შეცვალა.

შესვენების შემდეგ პირველი მომენტი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა შექმნეს. კონტრშეტევაზე კვარაცხელიამ წინ გამოსული მეკარე შენიშნა და მოედნის ცენტრიდან დაურტყა, მაგრამ ბურთი კარს მცირე მანძილით ასცდა.

51-ე წუთზე ესპანეთს გოლის გატანის კარგი შანსი მიეცა და ისარგებლა კიდეც: იამალის გადაცემის შემდეგ კარის წინ ფაბიან რუისი გაიხსნა და ზუსტი თავური დარტყმით ესპანეთი დააწინაურა – 2:1.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა თამაშის სურათის შეცვლა დავითაშვილის, ზივზივაძის, კვეკვესკირისა და წიტაიშვილის შეყვანით სცადა, თუმცა ესპანეთის შეჩერება შეუძლებელი აღმოჩნდა. ჩენმა მეტოქემ კონტრშეტევაზე მესამეც გაიტანა. 75-ე წუთზე სხვაობა ნიკო უილიამსმა გაზარდა – 3:1. 83-ე წუთზე კი დანი ოლმომაც გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 4:1.

ასე დასრულდა საქართველოს ნაკრების საამაყო თავგადასავალი ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე. გამოცემა „პლანეტ ფუტბოლმა“ დაწერა – „სად იყავი აქამდე საქართველო?“ დებიუტანტმა გუნდმა გულიანი, ეფექტური და სწრაფი თამაშით მსოფლიოს მასშტაბით უამრავი გულშემატკივარი გაიჩინა. ტიტულისკენ გზა კი ესპანეთის ნაკრებმა განაგრძო. „ფურია როხა“ მეოთხედფინალში მასპინძელ გერმანიას შეხვდება. ეს მატჩი 5 ივლისს 20 საათზე დაიწყება.

ფოტო: ეროვნული ნაკრები

ასევე ნახეთ

ვილი სანიოლი – წაგებით კმაყოფილი ვერ ვიქნები, მაგრამ საქართველოს ნაკრების თამაშით ვამაყობ

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა თურქეთთან მარცხის შემდგომ პრესკონფერენციაზე ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩი შეაფასა. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია