პოლიტიკა

შოთა არველაძე – კვარაცხელიას თამაშზე სტუდენტები ყველა რეგიონიდან გაემგზავრებიან, მათ შორის აფხაზეთიდან

შოთა არველაძის იდეა საბოლოოდ დაკონკრეტდა – არველაძეების ფონდის და მისი პარტნიორის დახმარებით, ხვიჩა კვარაცხელიას (ნაპოლის) თამაშზე 12 სტუდენტი გაემგზავრება – ინფორმაციას არველაძეების ფონდი ავრცელებს.

საინტერესოა, რომ ჯგუფი საქართველოს ყველა რეგიონის სტუდენტებისგან დაკომპლექტდება და მათ შორის იქნება სტუდენტი აფხაზეთიდან.

„ჩვენი ფონდისა და პარტნიორი კომპანიის საერთო ძალისხმევით, 12 ნოემბერს, ნეაპოლში საუკეთესო შედეგის მქონე 12 ქართველი სტუდენტი ხვიჩა კვარაცხელიას მატჩს დაესწრება. მნიშვნელოვანია, რომ 12 სტუდენტი საქართველოს ყველა რეგიონს აერთიანებს, აფხაზეთის ჩათვლით. წარმატებული აბიტურიენტებისთვის დამატებითი მოტივაციაა ხვიჩა კვარაცხელიას ნახვა, რომელიც ევროპის ერთ-ერთ გამორჩეულ ქვეყანასა და ჩემპიონატში წარმატებულად თამაშობს“, – წერია არველაძეების ფონდის განცხადებაში.

კომენტარი შოთა არველაძემაც გააკეთა:

„კომპანია Gulf Georgia-სთან ერთად, მოვიფიქრეთ შესანიშნავი პრინციპი და ჩვენი გადაწყვეტილებით, იტალიის ქალაქ ნეაპოლში 12 საუკეთესო შედეგის მქონე აბიტურიენტი გაემგზავრება. ამ ახალგაზრდებმა მოახერხეს და საკუთარი შრომით, ისე როგორც ხვიჩა კვარაცხელიამ, მიაღწიეს პირველ წარმატებას და გახდნენ სტუდენტები. მნიშვნელოვანია, რომ გამარჯვებული 12 სტუდენტი აერთიანებს საქართველოს ყველა კუთხეს, დედაქალაქ თბილისის და აფხაზეთის ჩათვლით. ეს პრინციპი დამატებითი მოტივაცია იქნება ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც საკუთარი ცოდნით და შორმით იკვალავს რთულ, მაგრამ ყველაზე სამართლიან გზას წარმატებისკენ. ბედნიერი ვარ, რომ ამ ინიციატივის მთავარი მხარდამჭერი აღმოჩნდა კომპანია გალფი, რომელიც თავის მხრივ, 100 საუკეთესო სტუდენტს ეხმარება და უხდის ყოველთვიურ სტიპენდიას. შევხვდებით ნეაპოლში“.

12 ნოემბერს „ნაპოლი“ „უდინეზეს“ საკუთარ მოედანზე შეხვდება. სერია „ა“-ს მე-15 ტურის მატჩს ნეაპოლის „სტადიო მარადონა“ უმასპინძლებს.

ასევე ნახეთ

EURO 2024-ის ბილეთების გაყიდვა 15 აპრილს დაიწყება

ევროპის ჩემპიონატის ბილეთების შეძენა ქართველ გულშემატკივარს 15 აპრილიდან შეეძლება. ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით სფფ სპეციალურ განცხადებას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია