„თბილისი პრაიდის“ კვირეული დღეს ოფიციალურად დაიწყება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ორგანიზატორებმა აცნობეს, კვირეული ქართველი რეჟისორის ელენე ნავერიანის ქვიარ ფილმის “სველი ქვიშა” ჩვენებით გაიხსნება.
კვირეულის გახსნის ღონისძიებაზე ლგბტქ ადამიანები, მხარდამჭერები, დიპლომატიური კორპუსი, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბებიან.
კვირეულს მისასალმებელი სიტყვებით “თბილისი პრაიდის” თანადირექტორები, მარიამ კვარაცხელია და ანა სუბელიანი, ასევე ნიდერლანდების ადამიანის უფლებათა ელჩი, ბაჰია თაზიბლი (Bahia Tahzib-Lie), საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი, ნიკ ბერესფორდი და ფილმის რეჟისორი ელენე ნავერიანი გახსნიან.
ჩვენების შემდეგ დაგეგმილია კითხვა-პასუხის სესია რეჟისორთან და ფილმის გადამღებ ჯგუფთან.
ფოტო: metronome.ge