მექსიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში, საქართველოსა და მექსიკის შეერთებული შტატების მთავრობებს შორის განათლებისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი.
მექსიკის მხრიდან შეთანხმებას ხელი მოაწერა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარსელო ებრარდ კასაუბონმა, ხოლო საქართველოს მხრიდან მექსიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზაზა გაბუნიამ.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზემოაღნიშნული შეთანხმება მიზნად ისახავს საქართველოსა და მექსიკას შორის თანამშრომლობას კულტურისა და განათლების სფეროში. შეთანხმების თანახმად, მხარეები გამოთქვამენ მზაობას, ხელი შეუწყონ უწყებათაშორისი კავშირებისა და სახალხო დიპლომატიის განვითარებას. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს სტუდენტთა გაცვლის პროგრამების მეშვეობით საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას, აგრეთვე კავშირების გაღრმავებას ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის.
ამასთან, შეთანხმების თანახმად, მხარეები ორიენტირებულნი არიან, წაახალისონ ხელოვანთა ჯგუფების ურთიერთგაცვლა და სხვა ტიპის ღონისძიებები მუსიკის, სახვითი და საშემსრულებლო ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობის გზით.
ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს მექსიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა და საქართველოს ელჩმა. მხარეებმა ხაზი გაუსვეს შეთანხმების მნიშვნელობას ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავების საქმეში.