საქართველოს მთავრობა, გაერო-ს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, უკრაინელი ბავშვიანი მოწყვლადი ოჯახებისთვის ერთჯერად ფინანსურ დახმარებას გასცემს, – ამის შესახებ ინფორმაციას „იუნისეფი“ საქართველო ავრცელებს.
მათივე ცნობით, 470 ლარს თითოეულ ბავშვზე მიიღებენ ის ოჯახები, რომლებიც საქართველოში 2022 წლის პირველი თებერვლის შემდეგ შემოვიდნენ.
„ფინანსური დახმარების მისაღებად უკრაინელი ბავშვების მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა საცხოვრებლის მიხედვით უნდა მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ და სამხარეო ოფისებს მიმდინარე წლის პირველ მარტამდე და თან იქონიოს საკუთარი და ბავშვის პასპორტი/დაბადების მოწმობა. კითხვების შემთხვევაში, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, დარეკონ ცხელ ხაზზე – 1505“, – აცხადებენ „იუნისეფში“.