უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია, – ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს მიერ დღევანდელი სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საბჭო უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს საკითხს კიდევ ერთხელ დაუბრუნდება მას შემდეგ, რაც 2023 წლის გაზაფხულზე ევროკომისიისგან განახლებულ ინფორმაციას მიიღებს.
„ევროკავშირის საბჭო იმეორებს 2022 წლის 23 ივნისს მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობას, რომლის მიხედვითაც, უკრაინისა და მოლდოვის ევროპული პერსპექტივა იყო აღიარებული და ამ ქვეყნებს მიენიჭათ წევრობის კანდიდატის სტატუსი. ევროკავშირის საბჭომ ასევე აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და დაადასტურა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატის სტატუსი, როგორც კი ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი პრიორიტეტები იქნება შესრულებული. უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს და ამ ქვეყნების მოქალაქეთა მომავალი ევროკავშირშია“, – ნათქვამია დოკუმენტში.
პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის საბჭო აცნობიერებს რეფორმის პროცესში საქართველოს მიერ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს, როგორც ეს ხაზგასმული იყო 2022 წლის სექტემბერში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მეშვიდე სხდომაზე.
„ევროკავშირის საბჭო მოუწოდებს საქართველოს, გააგრძელოს რეფორმების გზა და იმ პრიორიტეტების სრულად შესრულება, რომლებიც ჩამოთვლილია ევროკომისიის მიერ ამ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად. ევროკავშირის საბჭო ყურადღებას ამახვილებს ევროკავშირთან სექტორული თანამშრომლობის გაღრმავებაზე, ევროკავშირი-საქართველოს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაძლიერებული იმპლემენტაციის საფუძველზე“, – ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.