პოლიტიკა

ყველა სპორტული ორგანიზაცია დოპინგსაწინააღმდეგო რეგულირების სფეროში ავტომატურად მოექცევა

ანტიდოპინგურ სააგენტოსთან თანამშრომლობა და დოპინგკონტროლის სპორტის შესაბამის სახეობაში დაშვება დამოკიდებული აღარ იქნება სპორტული ორგანიზაციის თანხმობაზე, არამედ ყველა სპორტული ორგანიზაცია დოპინგსაწინააღმდეგო რეგულირების სფეროში ავტომატურად მოექცევა.

შესაბამისი ცვლილებები „სპორტის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირებაც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.

ცვლილებებით, სპორტულ ორგანიზაციებს განესაზღვრებათ ვალდებულება, რომ, ცნობიერების ამაღლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების გარდა, უზრუნველყონ ანტიდოპინგური წესების დარღვევის შედეგად კანონმდებლობითა და კომპეტენტური ორგანოების, ორგანიზაციების მიერ განსაზღვრული შედეგების განხორციელება, მათ შორის, შეუწყვიტონ სპორტსმენს ან სხვა პირს ყველა სახის დაფინანსება სანქცირების პერიოდში.

პარლამენტის სპორტის კომიტეტი, რომელიც ცვლილებების ინიციატორია, მიიჩნევს, რომ აღნიშნული მექანიზმი მეტად ეფექტურს გახდის დოპინგსაწინააღმდეგო ღონისძიებებს. მათი პოზიციით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ სპორტული ორგანიზაციის მიერ დოპინგის სფეროში კანონით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო უფლებამოსილი იქნება, შეაჩეროს ან შეწყვიტოს სპორტული ორგანიზაციის დაფინანსება.

ამასთან, კანონპროექტით განისაზღვრება, რომ დოპინგკონტროლის ფუნქციების განხორციელების უფლება მიენიჭებათ მხოლოდ იმ პირებს, ვისაც საერთაშორისო ან ეროვნული ანტიდოპინგური ორგანიზაციის მიერ გაცემული ან აღიარებული შესაბამისი სერტიფიკატი აქვთ.

„ასევე კანონპროექტი დაარეგულირებს დოპინგის სფეროში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საფრთხის – ინტერესთა კონფლიქტის საკითხს და დაადგენს, რომ დოპინგის კონტროლსა და სხვა სახის ანტიდოპინგურ საქმიანობაში ჩართული ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებული იქნებიან, თავიანთი უფლება-მოვალეობების განხორციელებისას არ დაუშვან ინტერესთა კონფლიქტი საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს ინტერესებთან და პატივი სცენ საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს ავტონომიასა და დამოუკიდებლობას“, – ნათქვამია პროექტში.

კომიტეტი განმარტავს, რომ საქართველოში სპორტსმენების მიერ დოპინგის მოხმარება აქტუალურია, რის გამოც დოპინგსაწინააღმდეგო პოლიტიკის გადახედვა და საკანონმდებლო დონეზე სამართლებრივი რეგულაციების შექმნა გახდა საჭირო.

ასევე ნახეთ

ნიკოლოზ ბასილაშვილი იოკოჰამას ტურნირის მერვედფინალში ითამაშებს

ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი იაპონიაში, იოკოჰამას ჩელენჯერის ტურნირზე ასპარეზობას წარმატებით იწყებს. მან 1/16-ფინალურ შეხვედრაში ხორვატი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია