პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებზე – ოპოზიციის მხრიდან მანიპულაციური განცხადებები უფრო მაგიდის აყირავებაა ევროკომისიისთვის, ვიდრე ბოიკოტი “ქართული ოცნებისთვის”

შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულია – ევროკომისიას საჭიროდ რომ ჩაეთვალა 12-პუნქტიან რეკომენდაციებში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის გადმოტანა, როგორ წარმოგიდგენიათ, სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხი გადმოიტანა და საარჩევნო ბარიერის საკითხს არ გადმოიტანდა?! – ასეთია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის პასუხი, კონსტიტუციურ კანონში ცვლილებების რიგგარეშე სესიაზე მიღების მოთხოვნასთან დაკავშირებით.

ოხანაშვილი ოპოზიციის მოთხოვნას “აბსურდულს” უწოდებს და აცხადებს, რომ ევროკომისიის 12 პუნქტი საკმაოდ მკაფიოდ არის გაწერილი, თავისი კონკრეტული ნაბიჯებით.

“როგორც ჩანს, ამ ხალხს სურს, 12 პუნქტს ერთი ახალი პუნქტი დაამატონ და ევროკომისიის 12 პუნქტი 13 პუნქტად გაასაღონ, რაც ასე არ არის. ჩვენი მხრიდან ჩვენი პასუხისმგებლობის ფარგლებში 12-ვე პუნქტი შესრულდება. ამ მიზნით ინტენსიური მუშაობა დავიწყეთ. ხალხი, ვინც ცდილობს, რომ ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას ბოიკოტი გამოუცხადოს, ამის შესაძლებლობას არ მივცემთ. “ქართულმა ოცნებამ” ქართველ ხალხთან ერთად ასოცირების დღის წესრიგი მოიპოვა – მოიპოვა თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი, უვიზო მიმოსვლა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ობიექტურად და დამსახურებულად კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭოს”, – განაცხადა ოხანაშვილმა.

“ქართული ოცნების” დეპუტატი იმასაც ამბობს, რომ “ოპოზიციის მხრიდან მანიპულაციური განცხადებები უფრო მაგიდის აყირავებაა ევროკომისიისთვის, ვიდრე ბოიკოტი “ქართული ოცნებისთვის”.

“თუ იმას იტყვიან, რომ “ქართულ ოცნებას” არ ენდობიან, უკაცრავარდ, მაგრამ ჩვენ შევძელით ის, რომ 2024 წელს არჩევნები სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდება და ჩვენი ინიციატივით ჩატარდა 2020 წლის არჩევნები 1%-იანი ბარიერით. ჩვენ გავატარეთ სწორედ “მოქალაქეებთან” ერთად ამბიციური საარჩევნო რეფორმა. ჩვენს მიერ გაკეთებულ საქმეს ენდობა ევროკომისია. მათ პუნქტები რომ გაწერეს, ნდობა გამოუცხადეს ქართველ ხალხს და ხელისუფლებას, რადგან მოლოდინი აქვთ, რომ ამ რეკომენდაციებს შევასრულებთ”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. 

ასევე ნახეთ

ირაკლი კობახიძე – სახალხო დამცველობის 19 კანდიდატი 8 კანდიდატამდე დავიდა – იმედია, კონკრეტულ კანდიდატთან დაკავშირებით პოზიციების შეჯერება მოხერხდება

სახალხო დამცველობის 19 კანდიდატი 8 კანდიდატამდე დავიდა – იმედია, კონკრეტულ კანდიდატთან დაკავშირებით პოზიციების შეჯერება მოხერხდება,- ამის …