პოლიტიკა

კარლ ჰარცელმა საქართველოში მისია დაასრულა – ვიდეო მიმართვა

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და მისი მეუღლე მეტე ჰარცელი საქართველოს მოქალაქეებისადმი გამოსამშვიდობებელ ვიდეომიმართვას ავრცელებენ.

„დადგა დრო, როდესაც ოთხი დაუვიწყარი წლის შემდეგ საქართველო უნდა დავტოვოთ. ჩვენ ძალიან მადლიერნი ვართ ამ ქვეყანაში გატარებული წლებისთვის. არაჩვეულებრივი იყო ის სითბო და სიკეთე, რომელიც ჩვენ საქართველოს მოქალაქეების, იმ ადამიანების მხრიდან ვიგრძენით, რომლებსაც თბილისსა და საქართველოს სხვა კუთხეებში ვხვდებოდით. ძალიან დიდი მადლობა, საქართველო, ყველაფრისთვის“, – აცხადებს მეტე ჰარცელი ვიდეომიმართვაში.

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ასევე მადლობას უხდის საქართველოს მოქალაქეებს. მისი თქმით, საქართველო უნიკალური ქვეყანაა.

„დიდი მადლობა იმისათვის, რომ საქართველოს ნაწილად გვაქციეთ, იმიტომ, რომ საქართველო ყოველთვის იქნება ჩვენი ნაწილი. საქართველო საოცარი, უნიკალური ქვეყანაა. თქვენ წინაპრების მხრებზე დგახართ, იმ ბუმბერაზების, რომლებმაც იბრძოლეს ამ ქვეყნისთვის, ტრადიციებისთვის, კულტურისთვის, ენისა და მემკვიდრეობისთვის“, – აცხადებს კარლ ჰარცელი.

როგორც ​ევროკავშირის ელჩი აღნიშნავს, გასულ თვეში ევროკავშირმა დაადასტურა, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აქვს და რომ საქართველო ევროპული ერების ოჯახის წევრია.

„თქვენ ალბათ იცოდით, რომ საქართველო ევროპული ქვეყანა იყო, ვიცოდი მეც და იცოდა საქართველოს ბევრმა მეგობარმაც, თუმცა არ შეიძლება, არ დავაფასოთ ის, რომ ევროკავშირმა საქართველო პოტენციურ მომავალ წევრად ოფიციალურად აღიარა. მიუხედავად იმისა, რომ წინ არაერთი ბრძოლაა, ჩვენთვის საამაყოა, რომ ვართ ამ ისტორიული მომენტის მომსწრენი და გვჯერა, რომ ამ მომენტით შექმნილ შესაძლებლობებს საქართველო წარმატებით გამოიყენებს. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ისტორიის განმავლობაში არაერთხელ დაამტკიცეთ, რომ უკანდახევას არ ეგუებით, არამედ იმიტომაც, რომ საქართველო ევროპულ საფუძველს ეყრდნობა. საქართველოც იღებდა მონაწილეობას იმ ღირებულებების ჩამოყალიბებაში, რასაც დღეს ევროპულ ღირებულებებს უწოდებენ და ამიტომ, გაქვთ შესაძლებლობა, წვლილი შეიტანოთ ევროპის გაძლიერებაში. თქვენი ენერგია და სულისკვეთება აღმაფრთოვანებელია. და როდესაც დადგება დღე, როცა მთელი ეს ენერგია ერთი მიზნისკენ იქნება მიმართული, თქვენ ვერავინ და ვერაფერი შეგაჩერებთ. მომავალ შეხვედრამდე“, – აღნიშნავს კარლ ჰარცელი ვიდეომიმართვაში.

კარლ ჰარცელი საქართველოში ოთხწლიან დიპლომატიურ მისიას ასრულებს.

ასევე ნახეთ

„ქართული ოცნების“ ინიციატივით, საქართველოში არჩევნები ელექტრონულად ჩატარდება

“ქართული ოცნების” პოლიტიკურმა გუნდმა იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება, 2024 წლიდან, ელექტრონული აპარატურის გამოყენებით, ამომრჩეველთა რეგისტრაციისა …