პოლიტიკა

მთავრობამ ხბოს დაცვის რეგლამენტი დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ ხბოს დაცვის რეგლამენტი დაამტკიცა. რეგლამენტში განსაზღვრულია, რა პირობებში უნდა ცხოვრობდნენ ხბოები, რა უნდა იყოს მათი საკვები რაციონი, რა პირობები სჭირდებათ ქცევითი და ფიზიოლოგიური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, როგორ უნდა იყოს მოწყობილი სადგომი და როგორ უნდა დასუფთავდეს ის.

ამასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში, საქართველოს მხარეს აღებული აქვს ვალდებულება, ეროვნული კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობას დაუახლოოს. საკანონმდებლო დაახლოების აღნიშნული პროცესი გაწერილი და შეთანხმებული გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. 2015 წლიდან დღემდე, 272 დირექტივიდან მიღებული და დაახლოებულია 162 ნორმატიული აქტი სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის მიმართულებით, მათ შორისაა, ცხოველთა კეთილდღეობასთან დაკავშირებული დირექტივები, რომელიც, ასევე, DCFTA-ით არის გათვალისწინებული.

ზემოაღნიშნულის ფარგლებში, შემუშავებულია „ფერმერული მიზნით შენახული ცხოველების დაცვის წესის“ პროექტი, ხოლო „ხბოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“ საქართველოს მთავრობამ უკვე დაამტკიცა. რეგლამენტი 2008 წლის 18 დეკემბრის ევროსაბჭოს 2008/119/EC დირექტივის შესაბამისად მომზადდა და ითვალისწინებს 6 თვემდე ასაკის მსხვილფეხა საქონლისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას, სადგომის შესაბამის სივრცეს, სათანადო საკვებ რაციონსა და ა.შ., რაც, შემდგომ, უზრუნველყოფს პროდუქტიულობის ზრდას და უვნებელი და ხარისხიანი სურსათის წარმოების წინაპირობაა.

გაწერილი გეგმის მიხედვით, აღნიშნული დადგენილების მიღების ვადად განსაზღვრული იყო 2022 წელი, ხოლო მისი ამოქმედების ვადაა 2028 წლის პირველი იანვარი.

გარდა ამისა, 2008 წლის 18 დეკემბრის ევროსაბჭოს 2008/120/EC დირექტივის შესაბამისად მომზადებულია „ღორების დაცვის მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტი და ადგენს ღორების დაცვის მინიმალურ სტანდარტებს. ასევე 2007 წლის 28 ივნისის ევროსაბჭოს 2007/43/EC დირექტივის შესაბამისად დაგეგმილია საკანონმდებლო დაახლოება, რომელიც ითვალისწინებს მეხორცული ჯიშის ქათმების დაცვის მინიმალურ წესებს.

აღნიშნული რეგულაციების მიღება ერთ-ერთი ძირითადი წინაპირობაა იმისათვის, რომ ქართველი ფერმერებისთვის სამომავლოდ შესაძლებელი გახდეს ევროკავშირის ბაზარზე ცხოველური წარმოშობის სურსათის გატანა“, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

ასევე ნახეთ

კახა კალაძე – მინდა, თითოეულ პოლიციელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრს ვახტანგ გომელაურს მადლობა გადავუხადო წესრიგის აღდგენისთვის, ძალადობის აღმოფხვრისა და არეულობის მცდელობის აღკვეთისთვის

მინდა, თითოეულ პოლიციელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრს ვახტანგ გომელაურს მადლობა გადავუხადო წესრიგის აღდგენისთვის, ძალადობის აღმოფხვრისა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია