პოლიტიკა

ოკუპაციის “კანონი” და რუსი ტურისტი : „ქართველები ისე იქცევიან თითქოს რუსებს ვალი გვქონდეს, ან მათი ოჯახის წევრი მოვკალი“

რუსეთის მოქალაქე, ბლოგერი ნატალი ურსულგო ოკუპირებულ აფხაზეთში, წელს, ივნისში, რუსეთიდან, ფსოუს უკანონო გამშვები პუნქტიდან შევიდა. ნატალიმ მოიარა ის ადგილები, საიდანაც ეთნიკური ქართველები, ეთნოწმენდის შედეგად, თითქმის სრულად გამოდევნილი არიან: გაგრა, ბიჭვინთა, ახალი ათონი, სოხუმი.

ზიპლაინით დაეშვა იუფშარას ხეობაში, მდინარე კაპოეტისწყალზე (ბზიფზე), ნახა სტალინის აგარაკი, სოხუმის ბოტანიკური ბაღი, რიწის ტბაზე ნავით გასეირნების შემდეგ, დააგემოვნა აფხაზური სამზარეულო და აღფრთოვანებული დარჩა „ნეზავისიმაიაა აფხაზიით“.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის მონახულებით, რუსეთის მოქალაქე ურსულგომ, უხეშად დაარღვია კანონი ოკუპაციის შესახებ, მან ვიზიტის ამსახველი ვიდეო ზარ-ზეიმით, სოციალურ ქსელში ატვირთა.

აგვისტოს ბოლოს, ნატალი ურსულგო უკვე, ყოველგვარი პრობლემის გარეშე შემოვიდა თბილისში. საბაგიროთი ავიდა ნარიყალაზე, გასინჯა მთიულური ხინკალი, მოილოცა მცხეთა, იშოპინგა, დალია ჭაჭა, ტრადიციული Гаумарджос შეძახილით, თუმცა, ვიზიტი მაინც ღვარძლიანი კომენტარით დაასრულა.

რუს ბლოგერს საშინლად არ მოეწონა, რომ „ლუმიერსის“ საკონდიტროში, თან პუშკინის ქუჩაზე, მის რუსულ მიმართვას არცთუ მეგობრულად გამოეხმაურნენ „მივედი და რუსულად ვეუბნები გამარჯობა და ადამიანს სახე ეცვლება, აი, კამერაზე უნდა გადამეღო, ვეუბნები მარწყვით მინდა, და ის ინგლისურად – არ მესმის, მინდოდა თავში ჩამერტყა!“.

„ამ ვიზიტის შემდეგ, ორმაგი გრძნობა მაქვს, ასე თუ ისე, საქართველოში, საბჭოთა თაობა, ასაკოვნები, ნორმალური და ადექვატური ხალხია, ახალგაზრდები კი ისე იქცევიან თითქოს, რუსებს მაგათი ვალი გვქონდეს ან აი, თითქოს მათი ოჯახის წევრი მოვკალი“ – აღშფოთებას ვერ მალავს რუსი ბლოგერი ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელში 24 აგვისტოს ატვირთა.

რუსმა ნატალიმ ბუნებრივია ყოველგვარი გართულების გარეშე დატოვა თბილისი. ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონის უხეში დარღვევისთვის, ის არც არავის დაუკავებია და არც დაუჯარიმებია, თუმცა, კანონი სწორედ ამას ითვალისწინებდა.

რუსი ტურისტების უმრავლესობა, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას პრინციპულად არ აღიარებს

ეს ისტორია, რა თქმა უნდა, არ არის ერთეული და გამონაკლისი, სოციალურ ქსელებში, ათასობით ასეთ ვიდეოს თუ ფოტოს შეხვდებით, როცა ერთი და იგივე რუსი ტურისტები ჯერ ბიჭვინთის ან ლიძავას სანაპიროზე იღებენ სელფებს, შემდეგ კვარიათსა და სოლოლაკში. თან ისე, რომ არც დაკავების ეშიანიათ და არც დაჯარიმების. რუსები სპეციალურად არ არტყმევინებენ შტამპს პასპორტში, როცა ისინი ფსოუს ან როკის გვირაბის გავლით, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უკანონოდ შედიან.

ამის გამო, ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონის რეალური აღსრულება თითქმის, სრულად შეჩერებულია, კანონი ფორმალურად, მხოლოდ ქაღალდზე, დარჩა. ყოველწლიურად, სეზონზე, ოკუპირებულ აფხაზეთში, მილიონიდან მილიონ ნახევრამდე რუსეთის მოქალაქე ჩადის, შემდეგ მათი ძალიან დიდი ნაწილი უპრობლემოდ, არდადეგებს უკვე კახეთში, ან აჭარაში აგრძელებს.

შესაბამისია რუსების განწყობაც და დამოკიდებულებაც საქართველოს მიმართ. სადაც არ უნდა გააჩეროთ, ბათუმში, ფოთში, თელავში, თუშეთში თუ ლანჩხუთში, რუსების დიდი უმრავლესობა დაუფარავად მოგახლით, რომ აფხაზეთი და ცხინვალი არც ოკუპირებულია და არც საქართველოს ტერიტორია არ არის.

წყარო: amerikiskhma.com

ასევე ნახეთ

კახა კალაძე – მინდა, თითოეულ პოლიციელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრს ვახტანგ გომელაურს მადლობა გადავუხადო წესრიგის აღდგენისთვის, ძალადობის აღმოფხვრისა და არეულობის მცდელობის აღკვეთისთვის

მინდა, თითოეულ პოლიციელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრს ვახტანგ გომელაურს მადლობა გადავუხადო წესრიგის აღდგენისთვის, ძალადობის აღმოფხვრისა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია