პოლიტიკა

ადვოკატების თქმით, დაკავების შემდეგ გოგაშვილს გომელაურმა დაურეკა და დაემუქრა

სოსო გოგაშვილის ადვოკატების თქმით, დაკავების შემდეგ სუს-ის ყოფილ მაღალჩინსანს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ორჯერ დაურეკა და დაემუქრა.

დღეს გამართულ ბრიფინგზე უფლებადამცველმა რამაზ ჩინჩალაძემ გოგაშვილსა და მინისტრს შორის გამართულ სატელეფონო საუბრებზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ გომელაური გოგაშვილს მათთვის სასარგებლო ჩვენების მიცემას სთხოვდა.

28 ივლისს იოსებ გოგაშვილი, რომელიც მოთავსებულია N12 პენიტენციურ დაწესებულებაში, გაიყვანეს ე.წ. საშხაპეში და მას მიუთითეს ფანჯრის ე.წ რაფაზე განთავსებულ ტელეფონზე და უთხრეს, რომ ტელეფონი დარეკავდა და მას ეპასუხა ამ ტელეფონისათვის. რამდენიმე წუთში ტელეფონზე განხორციელდა ზარი. იოსებ გოგაშვილმა უპასუხა ტელეფონს და მას ესაუბრებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

როგორც გოგაშვილი აცხადებს, მათ შორის საკმაოდ დაძაბული საუბარი იყო და ძირითადად აღნიშნული საუბარი შეეხებოდა მუქარებს. იმ შემთხვევაში, თუ გოგაშვილი არ გაჩუმდებოდა, გაეთვალისწინებინათ ის ფაქტორები, რა შეიძლება დამართნოდა როგორც მას, ასევე მის ოჯახს და ახლობლებს. ძირითადი მოთხოვნა გოგაშვილის მიმართ იყო ის, რომ მას მიეცა მათთვის სასურველი ჩვენება იმ საკითხებზე, რაც გოგაშვილმა გააჟღერა უკვე დაკავების შემდეგ მისი სოციალური გვერდის მეშვეობით. ამ საკითხთან დაკავშირებით, იოსებ გოგაშვილსა და შინაგან საქმეთა მინისტრს შორის საუბარი შედგა იგივე წესით, საკნიდან სააბაზანოში გაყვანის შედეგად, მეორე დღესაც. მეორე საუბრის დროს გოგაშვილს დაჰპირდნენ, რომ რადგან აუცილებელი იყო არამარტო მისი, არამედ მისი ოჯახის წევრების გაჩუმებაც, მასთან პენიტენციურ დაწესებულებაში შეიყვანდნენ ოჯახის წევრებს, რათა დალაპარაკებოდა გაჩუმების თაობაზე და დაეყოლიებინა ისინი. ეს პირობა შესრულდა. გოგაშვილი არათუ ერთხელ, არამედ ორჯერ შეხვდა ოჯახის წევრების იმ პირობებში, როდესაც მას აკრძალული ჰქონდა ადვოკატების გარდა ნებისმიერ პირთან პაემანი და სატელეფონო კომუნიკაცია“- თქვა ჩინჩალაძემ.

როგორც ადვოკატი აღნიშნავს, გოგაშვილს მისი საკნიდან გაყვანასა და გომელაურთან საუბრის შესახებ მტკიცებულებები აქვს.

ჩვენთვის დღეს ცნობილია, თუ რა ნომრიდან ხდებოდა დაკავშირება და ასევე, თუ რა ნომერი იყო მოთავსებული იმ ტელეფონში, რომლითაც იგი პასუხობდა შს მინისტრს. მან შეძლო და მის ხელთ არსებული ე.წ. სკოჩის მეშვეობით მობილური ტელეფონიდან აიღო თითის ანაბეჭდები. აღნიშნული მტკიცებულება უკვე გამოტანილია პენიტენციურიდან და ჩვენ ვეცდებით, რომ თუ ვარგისი იქნება იდენტიფიკაციისთვის, ჩავატაროთ შესაბამისი ექსპერტიზები და დავადგინოთ, ვის ეკუთვნის თითის ანაბეჭდები“- თქვა ჩინჩალაძემ.

ასევე ნახეთ

სუსი – სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა

სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა, – ინფორმაციას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია