პოლიტიკა

30 ივნისს აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის გამოძიებასთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

30 ივნისს აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის გამოძიებასთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს. პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ მზადყოფნას გამოთქვამენ, სრულად ითანამშრომლონ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ფაქტის სრულყოფილად გამოძიების პროცესში.

„მიმდინარე წლის 30 ივნისს, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ტერიტორიაზე გამართულ ოფიციალურ მიღებაზე საქართველოს პარლამენტის წევრების მონაწილეობით მომხდარი ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 151-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

მომხდარ ფაქტზე გამოძიების დაწყებამდე, საქართველოს პროკურატურა აქტიურ კომუნიკაციაში იყო ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს შესაბამის წარმომადგენლებთან არსებული სამართლებრივი საკითხების გადაჭრის მიზნით, მათ შორის – მოცემული ინციდენტის შესასწავლად აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩასატარებლად საელჩოს კუთვნილ ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობის შესაძლო გავრცელებასთან დაკავშირებით.

მიმდინარე წლის 15 ივლისს, პროკურატურაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით შემოვიდა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ნოტა, რომელშიც მათი მხრიდან გამოხატულია მზაობა დიპლომატიური მისიის ტერიტორიაზე, 30 ივნისს მომხდარი ინციდენტის გამოძიების მიმართულებით საელჩოსა და საელჩოს პერსონალის დიპლომატიური იმუნიტეტის გათვალისწინებით, დიპლომატიური არხების გამოყენებით ითანამშრომლონ საქართველოს შესაბამის უწყებებთან.

ხსენებული ნოტის მიღების შემდეგ, საქართველოს პროკურატურამ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც აქტიურად ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება.

გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო შპს „ტელეკომპანია პირველის“ დამფუძნებლის ვახტანგ წერეთლის განცხადება, რომელშიც მიუთითებდა საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ მის მიმართ ჩადენილ სავარაუდო ძალადობაზე. საქართველოს გენერალურ პროკურატურას განცხადებით ასევე მომართა საქართველოს პარლამენტის წევრმა ანრი ოხანაშვილმა, რომელიც მიუთითებს ვახტანგ წერეთლის მიერ მის მიმართ განხორციელებულ სავარაუდო მუქარაზე. საქმეზე ასევე შემოსულია საქართველოს პარლამენტის წევრის ლევან მგალობლიშვილის შეტყობინება, რომელშიც მის მიმართ მომხდარ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე მიუთითებდა.

ვინაიდან, ზემოაღნიშნულ პირთა განცხადებებში მითითებული ყველა ფაქტი უკავშირდება 30 ივნისს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ტერიტორიაზე გამართულ ოფიციალურ მიღებაზე მომხდარ ძალადობისა და მუქარის ფაქტს, მათი შესწავლა განხორციელდება მოცემული სისხლის სამართლის საქმეში.

დღეს, 18:00 საათზე, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით დაბარებულია შპს „ტელეკომპანია პირველის“ დამფუძნებელი ვახტანგ წერეთელი.

გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით ეცნობება. ამავდროულად, მზადყოფნას გამოვთქვამთ, სრულად ვითანამშრომლოთ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან 30 ივნისს, მათ ტერიტორიაზე მომხდარი ფაქტის სრულყოფილად გამოძიების პროცესში“, – აცხადებენ პროკურატურაში.

ასევე ნახეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 6 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, ქვემო ქართლის, აჭარისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია